ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის გუნდები. ამჯერად „ბასკონია“-„უნიკახას“ მატჩი ვიტორიაში ჩატარდა.
ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი, საკუთარ გუნდებში, საუკეთესოები იყვნენ.
შენგელია მთლიანად მატჩის MVP გახდა. ბასკონიელთა კაპიტანმა 28 წუთში 21 ქულა, ცხრა მოხსნა, ორი პასი და ერთი დაფარება გააკეთა.
რაც შეეხება, გიორგი შერმადინს, მალაგური კლუბის ცენტრმა 23:51 წუთში 16 ქულა და ორი მოხსნა გაიფორმა, რაც სტუმართა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, ის მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 96-78 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში „ბასკონიამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოუგო „უნიკახას“ – ორჯერ „ევროლიგაზე“ და ერთხელ „ლიგა ენდეზას“ ეგიდით.
გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, ბასკურმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გადაინაცვლა, „უნიკახა“ კი მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.