შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე - მიქელთაძემ ავსტრალიაში ეფექტურად გაიტანა და ისევ ემოციურად აღნიშნა [ვიდეო] #1TVSPORT
ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის ა-ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა, მაგრამ გუნდმა გამარჯვების შენარჩუნება ვერ მოახერხა.
24 წლის ქართველი თავდამსხმელი „ნიუკასლ ჯეთსის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 76 წუთი ითამაშა ა-ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, რომელიც გუნდმა საკუთარ მოედანზე „ადელაიდა იუნაიტედთან“ გამართა.
ბექამ ანგარიში 59-ე წუთზე „საბურთალოს“ ყოფილი შმეტევის, იოლივიე ბუმალსი გადაცემით ძალიან ეფექტური დარტყმით გახსნა. მარჯვენა ფლანგიდან გადაცემას ქართველმა თავდამსხმელმა ნახევარვარდნაში დაახვედრა ფეხი და გუნდი დააწინაურა.
მიქელთაძემ გოლი ემოციურად აღნიშნა, სარეკლამო ბანერს ხელი დაარტყა და სამჯერ დაიყვირა – „შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე, შენ გენაცვალე!“. ფეხბურთელმა ასე გოლი გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა.
სამწუხაროდ, ბექას გუნდმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნა. 88-ე წუთზე ნესტორ ირანკუნდამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო 90+1-ე წუთზე ჰიროში იბუსუკიმ „ადელაიდა იუნაიტედს“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.
მართალია, ავსტრალიის ა-ლიგაში 12 ტური გაიმართა, მაგრამ „ნიუკასლ ჯეთსმა“ მოთამაშეებში კორონავირუსის გავრცელების გამო, ჯერ მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, 19 დეკემბრის შემდეგ პირველად ითამაშა – ამიტომ მხოლოდ 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. თუმცა ერთი გამოტოვებული მატჩის მოგებით მე-8 ადგილზე დაწინაურდება.
ბექა მიქელთაძემ ექვს მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა, ბომბარდირთა სიაში კი პირველობას სამ მოთამაშესთან ერთად იყოფს, რომლებმაც ჩემპიონატში 8-9 მატჩი ჩაატარეს.