შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს
შემოსავლების სამსახური - საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს.

თურქულმა მედიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარფის საბაჟოსთან ხუთკილომეტრიანი საცობია. თურქული მედია წერს, რომ თურქეთის ხელისუფლების ცნობით, საბაჟოსთან მანქანების გრძელი რიგი საქართველოს მხარეს პროცედურების შეფერხებამ გამოიწვია.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამსახური განმარტავს, აღნიშნულ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არანაირი სახის პროგრამული ან სისტემური ხარვეზი არ აღინიშნება.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობს. თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შესაბამისი საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლის შემდეგ მგზავრებისა და სატვირთო ავტომობილების გატარება ქართული მხარის მიერ შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – აცხადებენ უწყებაში.