შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამწვრთნელო კურსი გაიარეს #1TVSPORT
ეროვნული ნაკრების შეკრების პარალელურად, უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.
მესამე მოდული თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგებოდა. სასწავლო კურსი საქართველოში მეორედ ტარდება და განკუთვნილია განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟის მქონე ფეხბურთელებისთვის. მიმდინარე კურსში მონაწილეობენ მოთამაშეები, რომლებმაც საქართველოს ნაკრების ფორმით ევროპის ჩემპიონატზე და საკვალფიკაციო ეტაპის მატჩებში ითამაშეს.
ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით, კურსის მსმენელები იყვნენ: ლევან შენგელია, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გველესიანი, გიორგი წიტაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, ლაშა დვალი, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე და ბუდუ ზივზივაძე.
აღნიშნული კურსისთვის სპეციალურად შემუშავებულია პროგრამა, რომლის საფუძველზე, მოქმედ ფეხბურთელებს საშუალება ეძლევათ, C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფა-ს A ლიცენზიის მფლობელები. კურსი 6 მოდულისგან შედგება.