ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები შეხვდნენ.
გუნდებმა ამ ეტაპზე არსებული გამოწვევები და პრობლემები განიხილეს და მომავალი სეზონისათვის მოსამზადებელ პერიოდში არსებული საკითხების მოგვარებაზე ილაპარაკეს, შეხვედრის მთავარი მიზანი კი კლუბებისგან ჩემპიონატში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა შეაჯამა:
„წინაა ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი. ამასთანავე მომავალი სეზონისთვის მოსამზადებლად გარკვეული დრო გვჭირდება. მოვისმინეთ ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომლის წინაშეც კლუბები და ფედერაცია აღმოჩნდნენ, როგორც მიმდინარე ისე გასულ სეზონში. ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდებით, დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღებული ყველა სურვილი მომდევნო სეზონში გავითვალისწინოთ. ეროვნული ჩემპიონატი წლიდან წლამდე პროგრესირებს და ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს პერმანენტული. სწორედ ამიტომ გვსურდა, რომ ყველა კლუბის მოსაზრება მოგვესმინა. წინ გვაქვს თასის ფინალი, ჩემპიონატის დასკვნითი ტურები და პლეი-ოფები და მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო. მომავალი სეზონისთვის სამზადისი უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს, დღევანდელი საუბარი ასევე შეეხო იმ პროექტებსა და სავარაუდო სიახლეებს, რომელიც მომავალი სეზონიდან შესაძლოა დაინერგოს”- ამბობს დავით მუჯირი.
გურამ რუხაძე, „ვიტ-ჯორჯიას“ პრეზიდენტი: „ჩვენი რეგულარული შეხვედრები სეზონის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ რა მიღწევები გვაქვს, რა პრობლემები გვაქვს. ამასთან, იცით, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და შეხვედრის ერთერთი მთავარი თემა ესეცაა. ასევე ვისაუბრეთ დაფინანსების სისტემაზე და ფონდზე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა არამარტო კლუბებისთვის, არამედ ზოგადად, ქართული ფეხბურთისათვის“.
გიორგი ყიფიანი, თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი: „გროვდება საკითხები, რომელზეც ყველამ ამ შეხვედრების ფარგლებში აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ. იმედი მაქვს, რომ ასეთი შეხვედრებით და ამ პროცესში საჭირო გადაწყვეტილებებამდე მივალთ“.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულ რეჟიმში გაგრძელდება დაეროვნულ ჩემპიონატთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას კლუბების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველსაყოფილი იქნება.