„ინდიანა პეისერსმა“, რომელშიც ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე თამაშობს, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ეტაპის ბოლო მატჩი „მაიამი ჰიტთან“ გამართა. ეს ის გუნდია, რომელსაც „პეისერსი“ პლეი ოფში დაუპირისპირდება. მოკლედ ეს იყო ერთგვარი წინასიტყვაობა სერიოზული საპლეიოფო დაპირისპირების წინ.
მატჩი თანაბრად დაიწყო, თუმცა როდესაც საქმეში „ინდიანას“ სათადარიგოები ჩაერთვნენ ანგარიშში სხვაობამ მათ სასარგებლოდ ზრდა იწყო. ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ გოგა ბითაძეს, რომელიც მშვენივრად იცავდა „ინდიანას“ ფარქვეშეთს. შეტევაში კი აქტიურად ერთვებოდა, არაერთხელ აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაზე, მაგრამ მისი თანაგუნდელები პასს იშვიათად იმეტებდნენ.
შედეგად, გოგამ 16 წუთში ოდენ 3 ორქულიანი და 2 სამიანი სტყორცნა, საიდანაც ორი ორიანი ჩააგდო. 4 ქულა, 3 მოხსნა, 2-2 პასი-დაფარება, 1 ჩაჭრა – ასეთი იყო ბითაძის მონაგარი. ერთ ეპიზოდში, მაშინ, როდესაც ბითაძე ბლოკს აყენებდა, მას მაიამელი დერიკ ჯონსი შეეჯახა და იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ ექიმებმა იგი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.
მისმა გუნდმა „მაიამი“ 109:92 დაამარცხა. გამარჯვებაში 23-ქულიანი წვლილი შეიტანა სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა მაკდერმოტმა, ხოლო ბროგდონმა 16 ქულას მოუყარა თავი. „ჰიტში“ ნანი (23 ქულა) და ჰილი (21) გამოირჩნენ.
ეს გუნდები საპლეიოფო სერიას 19 აგვისტოს დაიწყებენ.