„შავი ლომის“ კაპიტანი მერაბ შარიქაძე რუსებთან მატჩის წინ - „ენისეის“ დასამარცხებლად მზად ვართ #1TVSPORT
რაგბი ევროპის სუპერთასზე „ენისეისთან“ შეხვედრამდე „შავმა ლომმა“ „ავჭალაზე“ კაპიტნის ვარჯიში გამართა.
რაგბი ევროპის სუპერთასის მეექვსე ტურის შეხვედრა ხვალ, 11 დეკემბერს 17 საათზე დაიწყება და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით, „ავჭალაზე“ მაყურებელთა მესამედი დაიშვება. გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე მწყობრშია, თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იწყებს და საინტერესო შეხვედრის მოლოდინშია:
„ცოტა გასაკვირი იყო, ის რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, მარცხიც რეალურია. ახლა „ენისეისთან“ თამაშისთვის ვემზადებით და მთელი კვირა დიდი მონდომებით ვივარჯიშეთ. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და ხვალ თითოეული ჩვენგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს“, – ამბობს მერაბ შარიქაძე.
მისი თქმით, რუსული კლუბი ანგარიშგასაწევი ძალაა:
„მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. „ენისეი“ სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ჰყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის ლეგიონერები. ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი „ენისეის“ ძლიერ და საინტერესო მეტოქედ მიიჩნევს:
„ვეთამაშებით რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდს, რომელიც გაძლიერებულია სამხრეთ აფრიკელი ლეგიონერებით. „ენისეის” ბიუჯეტი საქართველოს რაგბის კავშირის ბიუჯეტს აღემატება და წელიწადში რამდენჯერმე ახერხებენ გრძელვადიანი, უცხოური შეკრებების მოწყობას. აქვთ „ჩელენჯ ქაფზე” თამაშის გამოცდილება და რამდენიმე ტოპ-14-ის გუნდიც დაამარცხეს. ჰყავთ ინდივიდუალისტები და სწრაფად შლიან ბურთს, თუმცა მეტოქეს მომზადებული ვხვდებით და საკუთარი უპირატესობის გამოყენებას ვეცდებით“.