„შავი ლომი“ „სელკნამთან“ შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს #1TVSPORT
„შავი ლომი“ „სელკნამთან“ შეცვლილი შემადგენლობით ითამაშებს #1TVSPORT

სამხრეთამერიკულ ტურნეზე მყოფი „შავი ლომი“ 14 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე მეორე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მონტევიდეოში, „შარუას“ სტადიონზე ამჯერად მისი მეტოქე ჩილეს „სელკნამი“ იქნება, რომლის მოთამაშეთა 90% ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრია.

შეცვლილი რაზმით

სამხრეთამერიკული ტურნეს პირველი მატჩი არგენტინის „დოგოს XV“-თან „შავმა ლომმა“ 75:19 მოიგო. როგორც თავიდან ითქვა, ამ ტურნეს მიზანი საქართველოს ნაკრების კანდიდატებისთვის საკმარისი სათამაშო დროის მიცემაა და მსოფლიო თასისთვის მომზადებაა, აქედან გამომდინარე, არგენტინელებთან მატჩის შემდეგ „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში ცხრა მოთამაშე შეცვალა.

ხაზში ადგილი მხოლოდ 9 ნომერმა, თენგიზ პერანიძემ შეინარჩუნა, რომელსაც მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი შეუწყვილდება. ცენტრში ბრუნდებიან კაპიტანი მერაბ შარიქაძე და დემე თაფლაძე, ფრთებზე კი სანდრო თოდუა და აკაკი ტაბუცაძე ითამაშებენ. ფულბეკის პოზიციაზე სოსო მათიაშვილი იქნება, რომელმაც ტრავმა მოიშუშა, ერთი კვირის წინ არგენტინელებთან თამაშში მარქაფიდან ჩაერთო და ლელოც დადო.

შერკინების პირველ ხაზში მარცხენა ბურჯი კვლავ დავით აბდუშელიშვილი იქნება. კვაჭის პოზიციაზე შალვა მამუკაშვილი ითამაშებს, ხოლო მარჯვენა ბურჯი  ნიკა ხატიაშვილია. მეორე ხაზში ბრუნდება ნოდარ ჭეიშვილი, მისი მეწყვილე კი მიხეილ ბაბუნაშვილი იქნება. უცვლელია მესამე ხაზი – მიხეილ გაჩეჩილაძე, სანდრო მამამთავრიშვილი და ლუკა ივანიშვილი.

14 აპრილი. მონტევიდეო. შარუა.  

22:00 | შავი ლომი (საქართველო) – სელკნემი (ჩილე)

შავი ლომი

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დავით აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა ხატიაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. მიხეილ ბაბუნაშვილი, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. თორნიკე აქუბარდია, 20. ნიკო აფციაური; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. მირიან მოდებაძე, 24. ლაშა ხმალაძე, 25. გრიგორ ქერდიყოშვილი, 26. ოთარ ლაშხი.

მეტოქე

სელკნამი“ სამხრეთ ამერიკის სუპერლიგაში პირველივე გათამაშებიდან ჩაერთო, 2021 წელს რეგულარული ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა და ნახევარფინალში ურუგვაის „პენაროლთან“ 14:17 დამარცხდა.

შარშან ჩილელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, ნახევარფინალში არგენტინის „ხაგუარესს“ 16:10 მოუგეს და ფინალში გავიდნენ, იქ კი კვლავ „პენაროლთან“ დამარცხდნენ – 13:24.

მიმდინარე გათამაშებაში „სელკნამმა“ ექვსიდან ორი თამაში მოიგო და 11 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სამხრეთამერიკულ ტურნეში „შავი ლომის“ დარჩენილი მატჩების განრიგი:

22 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)