„შავი ლომი“ „ქარი ქაფზე“ ორ ეტაპად მიემგზავრება - შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
18 მარტს „შავი ლომი“ 23-კაციანი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, სადაც 7 აპრილამდე სამ შეხვედრას გამართავს.
რადგან 20 მარტს ბორჯღალოსნებს 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი ელის ესპანეთთან, გუნდს სანაკრებო შეკრებაზე მყოფი 8 მორაგბე 23 მარტს შეუერთდება. ესენი არიან: ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე და მირიან მოდებაძე.
პირველ სამ თამაშში „შავ ლომს“ გამოცდილი ბორჯღალოსნები დააკლდებიან და მათ ნაცვლად მწვრთნელებმა დიდი 10-იდან და 20-წლამდელთა ნაკრებიდან რამდენიმე მოთამაშეს უხმეს – გიორგი მაისურაძე, დავით ხუროშვილი, გიორგი ჩიქოვანი, თეიმურაზ ჭიჭინაძე და შალვა აფციაური, ასევე ლევან ჭავჭავაძეს, ოღონდ ის გუნდს მოგვიანებით, 25 მარტს შეუერთდება.
„ქარი ქაფის“ პირველ სამ თამაშში გუნდს ლადო კილასონია წაუძღვება, დამხმარეებად კი ზურაბ ამონაშვილი და თორნიკე ბუბუტეიშვილი ეყოლება.
„გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურ რეჟიმში ორ ტურნირში გვიწევს მონაწილეობა, „ქარი ქაფზე“ სპეციალური გრაფიკით ვთამაშობთ. პირველ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში სამ თამაშს ჩავატარებთ, რის შემდეგაც საქართველოში დავბრუნდებით და რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანურ „იბერიანზს“ შევხვდებით“, – ამბობს ლადო კილასონია.
„შავი ლომი“ „ქარი ქაფის“ სადებიუტო შეხვედრას 26 მარტს კენიის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 აპრილს ზიმბაბვეს ეთამაშება. ორივე შეხვედრა სტელენბოშში გაიმართება, შინ დაბრუნებამდე კი, გუნდი პორტ ელიზაბეტს ეწვევა და 7 აპრილს ადგილობრივ „ელეფანტს“ ერკინება.
„ამ სამ თამაშში ჩვენი მიზანი ახალ გარემოში, სწრაფ გუნდებთან მოთამაშეების გამოცდაა. საინტერესო შეხვედრები გველის. ვნახეთ კენიისა და ზიმბაბვეს თამაშები და ორივე სწრაფი, მოძრავი გუნდია. მათთან მატჩებში ვეცდებით სათამაშო კომპონენტების დახვეწას, რათა სუპერ თასის ნახევარფინალს მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ“.
„შავი ლომი“ „ქარი ქაფზე“
პირველი ხაზი: მიხეილ წიკლაური, ნიკა პატარაია, თენგიზ ზამთარაძე, მიხეილ ორაგველიძე, გოგა ქადარია, გიორგი მაისურაძე, გიორგი პერტაია;
მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი, იოსებ გუშარაშვილი;
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ნიკო აფციაური, თორნიკე აქუბარდია;
9-10: გიორგი ბეგაძე, თენგიზ პერანიძე, დავით ხუროშვილი; დავით მოძღვრიშვილი, ლუკა მატკავა;
ხაზი: გიორგი ჩიქოვანი, გურამ ქანდაურაშვილი, თეიმურაზ ჭიჭინაძე, ოთარ ლაშხი, შალვა აფციაური, სანდრო სვანიძე.
სამხრეთ აფრიკაში 22 მარტს მიემგზავრებიან
ნიკა აბულაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი, დემურ თაფლაძე, მირიან მოდებაძე.
წყარო: Georgian Rugby