„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასზე დებიუტისთვის ემზადება [ფოტო] #1TVSPORT
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასზე სადებიუტო შეხვედრისთვის ემზადება. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ლევან მაისაშვილია, წინასამატჩო შეკრებას „შევარდენის“ ბაზაზე გადის.
„შავი ლომი“ პირველ მატჩს 16 ოქტომბერს ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართავს. მისი მეტოქე „თელავივ ჰითი“ იქნება. შეხვედრა 17 საათზე დაიწყება. თამაში სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა საქართველოსა და ისრაელში კოვიდ-ვითარების გაუარესების ფონზე, ოქტომბრისთვის გადაიდო.
„შავი ლომის“ მსგავსად, „თელავივ ჰითიც“ 16 ოქტომბერს თავის პირველ შეხვედრას გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში რაგბი არცთუ ისე პოპულარულია, „ჰითი“ ანგარიშგასაწევი ძალაა – გუნდი დაკომპლექტებულია სამხრეთაფრიკელი, ინგლისელი და კუნძულელი მორაგბეებით, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონით 7-კაცა რაგბში. მოთამაშეთა დიდ ნაწილს ზე-რაგბის, ტოპ 14-ისა და ინგლისის პრემიერშიფის გამოცდილება აქვს, ხოლო მთავარი მწვრთნელი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტია.
19 და 25 სექტემბერს ჩვენმა თანაჯგუფელებმა – „ენისეიმ“ და „ლოკომოტივმა“, ერთმანეთში ორჯერ ითამაშეს და გამარჯვება ორივეჯერ „ენისეის“ დარჩა – 22:6 და 44:21. კრასნოიარსკელებმა ორივეჯერ ბონუს-ქულა აიღეს და აღმოსავლეთ კონფერენციას 10 ქულით ლიდერობენ.
„ჰითის“ შემდეგ „შავი ლომი“ 23 ოქტომბერს „ლოკომოტივს“ პენზაში, ხოლო 30 ოქტომბერს „ენისეის“ სოჭში ეთამაშება. ჯგუფური ეტაპის განმეორებით შეხვედრებს ჩვენი გუნდი დეკემბერში გამართავს.