„შავი ლომი“ ბუენოს აირესშია და არგენტინულ „პამპასთან“ მატჩისთვის ემზადება - ლევან მაისაშვილმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს განაგრძობს და მესამე თამაშისთვის ემზადება, რომელსაც ქართული გუნდი 21 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე ბუენოს აირესში, სტადიონ „კასა პუმაზე“ ადგილობრივი „პამპასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნარიაშვილი ბრუნდება
„შავი ლომი“ ტურნეს მესამე თამაშს წინა ორისგან განსხვავებული შემადგენლობით იწყებს. ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი შესვენების შემდეგ მოედანს უბრუნდება „მონპელიეს“ ყოფილი ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი. ის არგენტინელების წინააღმდეგ მოედანზე პირველივე წუთებიდან ითამაშებს. შეიცვალა მეორე ბურჯიც და ძირითადში ნიკა პატარაია იქნება. კვაჭის პოზიციაზე კვლავ გამოცდილი შალვა მამუკაშვილი დაგდება.
ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი, რომელმაც „დოგოსის“ წინააღმდეგ შეცვლაზე ითამაშა. მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილის ნაცვლად სასტარტოში დაწინაურდა ნიკო აფციაური.
ცხრა ნომრის პოზიციაზე ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს თენგიზ პერანიძე, მგეზავად ლუკა მატკავა ბრუნდება. ცენტრში კვლავ მერაბ შარიქაძისა და დემე თაფლაძის დუეტს დადგება, ხოლო ფულბეკი ლაშა ხმალაძეა. ფრთაზე აკა ტაბუცაძის ნაცვლად თამაშს მირიან მოდებაძე იწყებს, მეორე ფრთა კი ოთარ ლაშხი იქნება.
მეტოქე
არგენტინული ფრენჩაიზი „პამპასი“ 2010 წელს დაარსდა და სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში, „ვოდაკომის თასის“ მეორე დივიზიონში ჩაერთო, იქ სადაც შარშან „შავი ლომი“ თამაშობდა.
2011 წელს „პამპასმა“ „ვოდაკომის თასის“ ყველა შეხვედრა მოიგო, ფინალში „ბლუ ბულსი“ დაამარცხა და თასის მფლობელი გახდა. ეს იყო პირველი ტიტული, რომელიც არგენტინულმა გუნდმა პროფესიონალურ შეჯიბრებაში მოიპოვა.
2013 წლიდან „პამპასი“ „ვოდაკომის თასს“ დაემშვიდობა და 2014-15 წლებში წყნარი ოკეანის თასში მიიღო მონაწილეობა, სადაც, ფიჯის, სამოას და ტონგას მეორე გუნდებთან ერთად, იაპონიისა და ავსტრალიის ახალგაზრდული გუნდებიც იყვნენ ჩართული.
„პამპასმა“ თასი ზედიზედ ორჯერ მოიგო – 2014 წელს ფინალში ავსტრალიის, ხოლო 2015 წელს ფიჯის გუნდი დაამარცხა, რის შემდეგაც გუნდი დაიშალა და 2022 წელს აღადგინეს. ამერიკის სუპერლიგაში ის „დოგოსთან“ ერთად არგენტინის ღირსებას იცავს. მიმდინარე ტურნირში 7-დან 5 თამაში მოიგო.
შეგახსენებთ, სამხრეთამერიკულ ტურნეზე „შავმა ლომმა“ არგენტინული „დოგოსი“ 75:19, ხოლო ჩილეს „სელკნამი“ 33:30 დაამარცხა.
22 აპრილი. ბუენოს აირესი. 22:00 (თბილისის დრო)
შავი ლომი (საქართველო) – პამპასი (არგენტინა)
შავი ლომი
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა , 9. თენგიზ პერანიძე.
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დავით აბდუშელიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. თორნიკე აქუბარდია, 25. გიგა ჯულუხაძე.