შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებენ - ტერაშვილი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს 73 კგ წონით კატეგორიაში ქართული ნახევარფინალი გაიმართა. ერთმანეთს მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი და 19 წლის გიორგი ტერაშვილი დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ორთაბრძოლაში გაფრთხილებებით უფრო გამოცდილმა შავდათუაშვილმა გაიმარჯვა და ფინალში იაპონელ კენ ოიოშის შეხვდება. გიორგი ტერაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ ლომბარდოსთან იჭიდავებს.
თბილისის გრანდ სლემის ფინალში ვიხილავთ ტატო გრიგალაშვილსაც (81კგ), რომელმაც ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ ჩკაევი გაფრთხილებებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის კორეელ ან კვლავ აზერბაიჯანელ მეტოქეს დაუპირისპირდება.
ფინალური ბლოკი 17:00-ზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე გრანდ სლემის პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებულად იასპარეზეს.
60კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ახალგაზრდა ძიუდოისტები თემურ ნოზაძე და გიორგი სარდალაშვილი დაუპირისპირდნენ.
დაძაბულ ორთაბრძოლაში უფრო გამოცდილმა ნოზაძემ, დამატებითი დროის მეოთხე წუთზე ლამაზი გდებით გაიმარჯვა და თბილისის გრანდ სლემის ოქროს მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 66 კგ-ში ვერცხლის მედალი ახალგაზრდა გიორგი თუთაშვილმა მოიპოვა. ქართველს ფინალში ტრავმის გამო არ უჭიდავია. ამავე წონაში მესამე ადგილზე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა. ტურნირზე გამომსვლელი ქალებიდან ეთერ ლიპარტიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელმაც მედლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი დარია ბილოდიდი დაამარცხა.