„შავმა ლომი“ განაგრძობს სამხრეთამერიკულ ტურნეს, სადაც სამი საკონტროლი შეხვედრა ჩაატარა, ორი მოიგო და ერთი წააგო. ამ მატჩებში რამდენიმე მორაგბემ ტრავმა მიიღო – გუნდს ნიკო აფციაური, სანდრო თოდუა და გრიგორ ქერდიყოშვილი გამოაკლდნენ. ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში „ხვამლის“ კაპიტანი საბა კურტანიძე მიიწვია.
„ნიკო აფციაურის, სანდრო თოდუასა და გრიგორ ქერდიყოშვილის ტრავმების გამო მეორე და მესამე ხაზში პრობლემები შეგვექმნა, რის გამოც „ხვამლიდან“ საბა კურტანიძე გამოვიძახეთ. ის თავისი მონაცემებით აშკარად გამორჩეულია საქართველოს ჩემპიონატში. გარდა ამისა, მას 20-წლამდელთა ნაკრებიდან კარგად იცნობს ჩვენი შერკინების მწვრთნელი ილია მაისურაძე“, – განაცხადა ლევან მაისაშვილმა
„შავი ლომისა“ და საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა მიხეილ ნარიაშვილის დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი:
„არგენტინულ „პამპასთან“ ჩატარებული თამაშის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი მიხეილ ნარიაშვილის დაბრუნება იყო. ის იმდენად კარგად გრძნობდა თავს მოედანზე, რომ დაგეგმილზე გვიან შევცვალეთ, არადა ასეთი ტრავმის შემდეგ ლიმიტირებული სათამაშო დრო ჰქონდა“.
შეგახსენებთ, რომ ტურნეს ფარგლებში „შავ ლომს“ კიდევ ორი შეხვედრა ექნება. გუნდი მონტევიდეოში დაბრუნდა, სადაც 29 აპრილს, საქართველოს დროით 01:00 საათზე სამხრეთ ამერიკის სუპერლიგის ნაკრებს ეთამაშება, რომლის სამწვრთნელო შტაბსა და შემადგენლობაში ძირითადად არგენტინელები არიან, 6 მაისს კი „პენაროლს“ შეხვდება – ეს გუნდი, ფაქტობრივად, ურუგვაის ნაკრების მორგაბეებითაა დაკომპლექტებული.