შაშიაშვილის ნაცვლად ჩრდილოეთ მაკედონიელი სპეციალისტი - „სამტრედიას“ კაპინკოვსკი გაწვრთნის #1TVSPORT
„სამტრედიას“ ახალი მწვრთნელი დიმიტარ კაპინკოვსკი გახდა. ჩრდილოეთ მაკედონიელმა სპეციალისტმა თანამდებობაზე გიორგი შაშიაშვილი შეცვალა – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
„დიმიტარ კაპინკოვსკი „სამტრედიას“ მთავარი მწვრთნელია. დღეს, ჩრდილომაკედონიელმა სპეციალისტმა გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, მომდევნო შეხვედრისთვის მზადებას შეუდგა“, – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.
46 წლის დიმიტარ კაპინკოვსკი იყო მცველი და გამოდიოდა „პელისტერში“, „ცემენტარიცაში“, ალბანურ „ბულის ბალშში“. კარიერა კი „11 ოქტომვირში” დაასრულა. იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრი 2001-2003 წლებში და მისი ფორმით ცხრა მატჩი ჩაატარა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, დიმიტარ კაპინკოვსკი შერჩეულია გერმანული კომპანიის მიერ, რომელიც „სამტრედიას“ მართვის უფლებას ფლობს. კომპანია ზაფხულში გუნდის შემადგენლობის გაძლიერებასაც აპირებს.