„შახტარმა“ „ლვივი“ დაამარცხა - გიორგი გოჩოლეიშვილმა სრულად ითამაშა #1TVSPORT
გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში „ლვივს“ ესტუმრა და დაძაბული მატჩი ბოლო წამებზე მოიგო – 2:1.
ეს იყო უკრაინის პრემიერლიგის მე-6 ტურის გადადებული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი დონეცკელების ძირითად შემადგნლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში სწორედ გოჩოლეიშვილმა გახსნა – ქართველმა მცველმა ფლანგური გადაცემის მოგერიება სცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „ლვივი“ 1:0 დაწინაურდა.
„შახტარმა“ ექვს წუთში გიორგი სუდაკოვის გოლით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 90+4-ე წუთზე დონეცკელებს გამარჯვება და სამი ქულა კევინ კელსმა მოუტანა – 2:1.
დონეცკის „შახტარმა“ 20 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა და სხვაობა გაზარდა „დნიპრო 1“-თან (45), რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.