„შახტარის“ გენერალური დირექტორი - გიორგი გოჩოლეიშვილი ჩვენი სტილის მოთამაშეა #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, სერჰი პალკინმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ახალწვეული, „საბურთალოდან“ დამატებული საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი გუნდს გააძლიერებს.
„ერთი ტრანსფერი უკვე განვახორციელეთ – „საბურთალოდან“ ქართველი მარჯვენა მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი შევიძინეთ, რომელიც ჩვენი სტილის მოთამაშეა – სწრაფი, ტექნიკური და შეტევაზე ორიენტირებული. დანარჩენი ტრანსფერები კი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. სატრანსფერო პერიოდში შეგვიძლია ვიმუშაოთ და ვნახოთ, როგორ განვითრდება მოვლენები.
რაც შეეხება გეგმებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრანგულ „რენთან“ ევროპის ლიგის პლეი ოფის თამაშია, რომელიც თითქმის ჩემპიონთა ლიგის დონის ტურნირია. შეკრება 10 იანვარს დაიწყება და 9 თებერვალს დასრულდება. ჩვენი მიზანია შინაურ ასპარეზზე ჩემპიონობის მოპოვება, ხოლო ევროპის ლიგაზე – კარგი ფეხბურთის ჩვენება და „რენის“ დამარცხება.
შეკრებაზე 6 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. ყველას ესმის, რა ვითარება უკრაინაში, მაგრამ იმასაც ხედავენ, რომ ლოჯისტიკა მუშაობს – ჩვენ უკრაინიდან სხვა ქვეყნებში ტურნირებზე უპრობლემოდ გადავადგილდებით. ახლა შეგვიძლია შედეგზე ფოკუსირება და „რენთან“ პირველი მატჩისთვის სათანადოდ მომზადება.
იყო ლაპარაკი, რომ „შახტარი“ მეორე შეკრებას აშშ-ში გაივლიდა. MLS-ის კლუბებთან გვქონდა მოლაპარაკება და გარკვეულ შეთანხმებასაც მივაღწიეთ. თუმცა, შემდეგ თარიღების გამო წარმოიშვა გაუგებრობა და გაირკვა, რომ აშშ-ში მაქსიმუმ 2 თამაშს ვითამაშებდით. გვინდოდა, იქ წავსულიყავით და გამომუშავებული თანხით ჯარს, ლტოლვილებსა და უკრაინელ ხალხს დავხმარებოდით, მაგრამ როდესაც ყველაფერი კარგად დავითვალეთ, აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ვერ ვჯდებოდით. მინიმუმ, ოთხი თამაშის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, აუცილებლად წავიდოდით. ამიტომ გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე თურქეთში მოვემზადებით“, – ამბობს სერჰი პალკინი.