„შახტარის“ დირექტორი დარიო სრნა - ვიბრძვით არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ფიფა-ს წინააღმდეგაც #1TVSPORT
დონეცკის „შახტარის“ სპორტულმა დირექტორმა, დარიო სრნამ აზრი გამოთქვა უკრაინის ტერიტორიაზე ფიფა-ს ხელმძღვანელობის მოქმედების შესახებ რუსეთის აგრესიის პერიოდში.
„მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას, მაგრამ ფიფა არ ეხმარება მას ფეხბურთში. ეს მათი მოვალეობაა, მაგრამ ისინი არაფერს აკეთებენ. ის, რაც მათ ჩვენ გაგვიკეთეს, არასწორია. ისინი გვანადგურებენ. ჩვენ არ ვითხოვთ ფულს, რომელიც არ გვეკუთვნის: ჩვენ გვინდა, დავიცვათ კლუბი, რომელსაც 17-ჯერ უთამაშია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
არ აქვს მნიშვნელობა, ეს ჩვენ ვართ თუ ქვეყნის რომელიმე სხვა გუნდი. გვინდა, რომ მათ დაიცვან უკრაინის პრემიერლიგა, მაგრამ ვგრძნობთ, რომ ვიბრძვით არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ფიფა-ს წინააღმდეგაც.
ისინი ისე იქცევიან, თითქოს ეს მათ არ ანაღვლებთ. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ დროს? ჩვენ ძალიან პატარები ვართ მათთვის. ჩვენი ლიგა საკუთარი ძალებით აღვადგინეთ. უმაღლესი დივიზიონის მხოლოდ ორი კლუბი დავკარგეთ. დანარჩენები გადარჩნენ. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ იმ პირობებში, როცა ადამიანები იხოცებიან, ფეხბურთელები კი ბომბებისა და ტყვიების ქვეშ თამაშობენ, ფიფა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ არაფერს აკეთებს.
ჩვენ ყველამ ვუყურეთ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს, ვხედავდით გაღიმებულ ადამიანებს კატარში, კარგად ორგანიზებულ ტურნირსა და ფეხბურთის მაღალ დონეს, მაგრამ, მეორეს მხრივ, მათ საშუალება არ მისცეს პრეზიდენტ ზელენსკის, ფინალის წინ მიმდინარე მოვლენებზე მიმართვით გამოსულიყო.
მე მათ ვიწვევ უკრაინაში რამდენიმე დღით. მინდა, ვაჩვენო ყველაფერი, დავეხმარო ამ ყველაფრის შეგრძნებაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, მიხვდნენ, რომ დაცვას ვსაჭიროებთ“, – განაცხადა ხორვატმა გაზეთ The Guardian-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ აუკრძალა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, მიმართვით გამოსულიყო მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალის წინ.