„შახტარი“ ირაკლი აზაროვში სამ მილიონ ევროს იხდის - „ჯვაროსნების“ მცველს „ოლიმპიაკოსიც“ იწვევს #1TVSPORT
დონეცკის „შახტარი“ დაინტერესებულია სერბეთის ტოპ კლუბის, „ცრვენა ზვეზდას“ ქართველი ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის შეძენით და მზადაა, მასში სამი მილიონი ევრო გადაიხადოს, – ინფორმაციას theageoffootball-ი ავრცელებს.
საინტერესოა, რომ აზაროვი არ იყო „ცრვენა ზვეზდას“ განაცხადში სერბეთის სუპერლიგის მესამე ტურის შეხვედრაში „მლადოსტთან“, რომელიც ბელგრადელებმა 4:1 მოიგეს.
„დონეცკის „შახტარი“ ძალიან ახლოს არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ირაკლი აზაროვის დამატებასთან. მარცხენა მცველი სერბული „ცრვენა ზვეზდას“ ბოლო მატჩისას შემადგენლობაში არ იყო.
პირველად, ჭორები მისი „შახტარში“ გადასვლის შესახებ ერთი თვის წინ გავრცელდა. სერბულმა კლუბმა აზაროვის სანაცვლოდ გასულ ზაფხულს ბათუმის „დინამოს“ 300 000 ევრო გადაუხადა“, – წერია გამოცემა theageoffootball-ში.
„დინამო თბილისის“ აღზრდილმა, 21 წლის ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში უკვე 12 თამაში ჩაატარა. მისი ფასი, transfermarkt-ის შეფასებით, 1.5 მილიონი ევროა.