შაგინია - ზედმეტად მოდუნებულები ვიყავით, მაგრამ ეს მძიმე და საჭირო გაკვეთილი იყო #1TVSPORT
ევრო 2022-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ფუტსალის ნაკრებთან მარცხზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გააკეთეს. მათი თქმით, 8:0 წაგება მეოთხედფინალისთვის გუნდს გაკვეთილად უნდა გამოადგეს.
ვილიან ლოურენსო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: „დღეს მოედანზე ნამდვილი საქართველო არ იყო. ვიცოდით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვხვდებოდით, მაგრამ პირველ ტაიმში სამი გოლი გავუშვით და შემდეგ ყველაფერი დაინგრა. ძალიან ვწუხვართ ამ მძიმე მარცხის გამო, მაგრამ შედეგი არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ძალიან რთული ჯგუფიდან გასვლა დავიმსახურეთ. ახლა უნდა დავისვენოთ და დავიწყოთ ფიქრი რუსეთთან მატჩზე. კიდევ ერთ ძალიან ძლიერ გუნდს ვხდებით, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. მე უკვე ვესაუბრე ჩემს ზოგიერთ თანაგუნდელს გასახდელში, რათა გავაფრთხილო, რომ კარგი იყო ჯგუფურ ეტაპზე ორი მოგება, მაგრამ ამიერიდან ყველა მატჩი ისეთივე რთული იქნება, როგორც ესპანეთის წინააღმდეგ. თუ ჩვენ არ გამოვავლენთ იმავე ყურადღებას და ერთგულებას, რაც გამოვაჩინეთ ჩვენს პირველ ორ მატჩში, მაშინ ის, რაც ამ მატჩში მოხდა, შეიძლება განმეორდეს“.
შაგინია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი: „ძნელია ასეთი მარცხის ახსნა. მატჩისთვის მზად ვიყავით და ვიცოდით, რომ ესპანეთი ყველაფერს გააკეთებდა იმ შედეგის მისაღწევად, რაც მათ სურდათ, მაგრამ არ ველოდით, რომ ასე გაგვიჭირდებოდა. ვფიქრობ, ზედმეტად მოდუნებულები ვიყავით, მაგრამ იქნებ კარგიც იყო ეს მატჩი, რადგან მეოთხედფინალში იგივე შეცდომას არ დავუშვებთ. ეს არის ის, რაც ჩვენ ამ თამაშიდან სამომავლოდ უნდა გავითვალისწინოთ. ეს იყო მძიმე გაკვეთილი ყველა ჩვენგანისთვის და სრულად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული რუსეთის წინააღმდეგ, რათა მსგავსი არაფერი განმეორდეს. არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ჩვენზე ფსიქოლოგიურად იმოქმედებს, რადგან ჩვენს ბევრ მოთამაშეს უმაღლეს დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და შეუძლიათ, ყველა იმ განსაცდელს გაუმკლავდნენ, რასაც ასეთი შედეგი იწვევს“.
საქართველოს ნაკრები დიდი ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ „დ“ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ითამაშებს, სადაც „ც“ ჯგუფის გამარჯვებულს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელიც წინა ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა – შეხვედრა პირველ თებერვალს ამსტერდამის „ზიგო დომეში“ გაიმართება.