სფფ საფეხბურთო აგენტების ლიცენზირებას იწყებს - ფიფა-მ მენეჯერებს მოგების ზღვარი დაუწესა #1TVSPORT
სფფ საფეხბურთო აგენტების ლიცენზირებას იწყებს - ფიფა-მ მენეჯერებს მოგების ზღვარი დაუწესა #1TVSPORT

ფიფა-მ დაამტკიცა ფეხბურთის აგენტების დებულებები, რომელიც ძალაში 2023 წლის 9 იანვრიდან შევიდა. ეს 2022 წლის 16 დეკემბერს დაინტერესებულ მხარეებთან მრავალწლიანი ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ მოხდა და შედეგად, სიახლეები საქართველოსაც შეეხება.

ახალი დებულებების თანახმად, ინერგება მომსახურების სტანდარტები ფეხბურთის აგენტებისა და მათი კლიენტებისთვის, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, მოიცავს ფეხბურთის აგენტების სავალდებულო ლიცენზირების სისტემას და ადგენს ფიფა-ს ფეხბურთის აგენტისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარს.

ასევე, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ფეხბურთის აგენტებს აეკრძალებათ მრავალმხრივი წარმომადგენლობა. ყოველივე ეს ემსახურება საკონტრაქტო მდგრადობის გაძლიერებასა და ტრანსფერების სისტემის მთლიანობის დაცვას. ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების სისტემა გაზრდის ფინანსურ გამჭვირვალობას ამ სფეროში.

9 იანვრიდან უკვე ამოქმედდა ფეხბურთის აგენტის ლიცენზიის მიღებისთვის საჭირო პროცესები და გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, 2023 წლის 1 ოქტომბრიდან მხოლოდ ფეხბურთის ლიცენზირებულ აგენტებს ექნებათ საქმიანობის განხორციელების უფლება და სავალდებულო იქნება ფიფა-ს დებულებების მოთხოვნების სრულად დაცვა (აგენტებისთვის გადასახდელი თანხის ზედა ზღვარი და სხვ.).

ფიფა-ს გადაწყვეტილებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სფფ იწყებს ლიცენზირების პროცესს ფეხბურთის აგენტებისთვის. კერძოდ, სფფ-ში შეიქმნა ფეხბურთის აგენტების ლიცენზირების განყოფილება, რომელიც მართავს ფეხბურთის აგენტების დებულებების განხორციელების პროცესს. კერძოდ, ჩაატარებს გამოცდებს ფიფა-ს ფეხბურთის აგენტობის კანდიდატებისთვის. ფიფა-ს ფეხბურთის აგენტის პირველ გამოცდაში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაციის საბოლოო ვადა 2023 წლის 15 მარტია“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.