სფფ-ს წარმომადგენლები კვიპროსში - საუთგეიტმა და შევჩენკომ მწვრთნელებს გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, სფფ-ს ტექნიკური დირექტორი, ზაზა ზამთარაძე და მწვრთნელთა პროფესიული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ვასილ მაისურაძე კვიპროსში იმყოფებოდნენ.
ქალაქ ნიქოზიაში უეფა-ს ორგანიზებით მწვრთნელთა განათლების მეცამეტე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია სამი დღე გრძელდებოდა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ყველა საფეხბურთო ასოციაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
პარალელურად უეფა-ს განვითარებისა და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის წევრიც სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე გახლავთ. კომიტეტის შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვა წევრებთან ერთად სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი მწვრთნელთა განათლების კონფერენციის მუშაობაში ჩაერთო.
კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა და უკრაინის ეროვუნლი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ გაუზიარეს. მწვრთნელთა განათლების კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა გასული წელი შეაჯამეს და ამ სფეროში არსებული სიახლეები განიხილეს.