სფფ-ის განცხადება ქუთაისში შეწყვეტილ მატჩთან დაკავშირებით - ინციდენტი სადისციპლინო კომიტეტს გადაეცემა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისს“ შორის შეწყვეტილი მატჩის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა.
„ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მატჩი შეხვედრის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
პრინციპულ მეტოქეებს შორის „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული ქართული „კლასიკო“ 90+6 წუთზე სტადიონის ტრიბუნებსა და მოედანზე მომხდარი არეულობების გამო ჩაიშალა. ამ დროისთვის თბილისელები 1:2-ს იგებდნენ. ტრიბუნაზე კონფლიქტმა მოედანზეც გადაინაცვლა და მაყურებელთა ნაწილმა მოედანზე შეაღწია.
მთავარმა არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა ასეთ პირობებში თამაშის მონაწილეთა უსაფრთხოება არასათანადოდ დაცულად მიიჩნია და მატჩის ოფიციალურ პირებთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ თამაში ჩაშლილად გამოაცხადა.