სფფ-ის აკადემიას „ჯვაროსნები“ ესტუმრნენ - ქვილითაიას თქმით, ფეხბურთელებმა ბავშვებისგან დადებითი ემოციები მიიღეს #1TVSPORT
სფფ-ის აკადემიას „ჯვაროსნები“ ესტუმრნენ - ქვილითაიას თქმით, ფეხბურთელებმა ბავშვებისგან დადებითი ემოციები მიიღეს #1TVSPORT

რუსთავში მდებარე ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია და გურამ გიორბელიძე ესტუმრნენ. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა აკადემიის მოთამაშეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მომავალ საფეხბურთო კარიერაში წარმატება უსურვეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა აკადემიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ კომენტარები გააკეთეს:

გიორგი ქვილითაია: „ბავშვებს ძალიან საინტერესო კითხვები ჰქონდათ. ჩვენც ძალიან გახარებულები ვართ, თითოეული მათგანისგან დადებითი ემოციები მივიღეთ და ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტია. რაც შეეხება უშუალოდ აკადემიას, ფეხბურთელები ძალიან კარგ პირობებში ემზადებიან და მათ ყველაფერი აქვთ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ“.

გიორგი ლორია: „მადლობას ვუხდი ფეხბურთის ფედერაციას, რომ აქ მოსვლის და ფეხბურთელებთან გასაუბრების საშუალება მომეცა. ვთვლი, რომ მსგავსი შეხვედრები ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენი მხრიდან ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოცდილება გავუზიარეთ და რჩევები მივეცით. მსურს თითოეულ მათგანს წარმატება ვუსურვო და ვიმედოვნებ, რომ ეს აკადემია მათ პროფესიულ ზრდაში დაეხმარებათ“.

გურამ გიორბელიძე: „მსგავსი შეხვედრები დამწყები ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა. ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოტივაციასთან ერთად მსგავსი საუბრები, აკადემიის აღსაზრდელებს დაეხმარებათ იმის გააზრებაში, თუ რა გზის გავლა მოუწევთ ფეხბურთის პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ და ეროვნულ ნაკრებში დასამკვიდრებლად“.

შეხვედრას რუსთავისა და ზუგდიდის საფეხბურთო აკადემიების ფეხბურთელები ესწრებოდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ეროვნული გუნდის მოთამაშეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.