სეზონის გამორჩეული მატჩი ეროვნულ ლიგაში - „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოსთან“ სამბურთიანი სხვაობა ბოლო წუთებზე გააბათილა #1TVSPORT
„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ბოლო წუთებზე ქულა მოიპოვა – 3:3.
ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ცენტრში გამართულ დაპირისპირებაში ბათუმელებმა ანგარიში მე-40 წუთზე პაატა ღუდუშაურის გოლით გახსნეს. შესვენების შემდეგ მათ უპირატესობა სწრაფად გაზარდეს. 47-ე წუთზე გიორგი ზარიამ კარში ზუსტად დაარტყა – 0:2.
72-ე წუთზე „საბურთალოს“ მეკარემ, ლაზარე კუპატაძემ მეტოქის მოთამაშესთან ორთაბრძოლისას საჯარიმოში წესი დაარღვია. მომენტის გადამოწმების შემდეგ მას მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი აჩვენა და მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა ზუსტად შეასრულა – 0:3.
„საბურთალომ“, ჩამორჩენის მიუხედავად, ბოლომდე იბრძოლა და სასწაული მოახდინა. 86-ე წუთზე თბილისელთა შემტევმა ლუკა სილაგაძემ გაიტანა, ხოლო 89-ე წუთზე შეიკნე სილამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. 90+12-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც შეიკნე სილამ გამოიყენა და ამ საოცარი თამაშის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.
ბათუმის „დინამომ“ 11 ტურის შემდეგ 25 ქულა დააგროვა, „დინამო თბილისთან“ (23 ქულა) უპირატესობა ისევ გაზარდა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. „საბურთალო“ (19 ქულა) კი მეოთხე პოზიციაზე დარჩა.