სეზონი გოლით გახსნა და პენალტი ვერ გამოიყენა - გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ მზადება ყოფილ გუნდთან მატჩით დაიწყო #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძეს შესვენება დაუმთავრდა და ახალ კლუბში გადასვლამდე სეზონისთვის მზადება „მეცში“ დაიწყო. ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგულმა გუნდმა ბელგიური „სერენი“ 2:1 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.
„მეცმა“ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, პირველში „რასინგ ლუქსემბურგთან“ 3:0 მოიგო. ამჯერად კი იმ ბელგიურ კლუბს შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ორი სეზონი გაატარა და საიდანაც მისი აღმავლობა დაიწყო. ლასლო ბოლონის გუნდი „სერენს“ ფრესკატის საწვრთნელ ცენტრში დაუპირისპირდა.
გიორგი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი მეორე ნახევარში გამოჩნდა. მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ანგარიში ბელგიელთა შემტევმა მეტიუ კახბახმა 43-ე წუთზე გახსნა, მაგრამ „მეცმა“ წონასწორობა ორ წუთში აღადგინა, გოლი ლენი ჯოზეფმა გაიტანა.
მიქაუტაძის მოედანზე შესვლა და გოლის გატანა ერთი იყო. 53-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა სეზონში პირველად გამოიჩინა თავი. გიორგის 86-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, როდესაც პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.