სეზონი განახლდა, „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა
სეზონი განახლდა, „დინამომ“ „საბურთალო“ დაამარცხა

იძულებითი პაუზის შემდეგ დღეს ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდება. მე-3 ტურის შეხვედრაში სუპერთასის მფლობელმა „საბურთალომ“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა. შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდა. ანგარიში მე-17 წუთზე გიორგი კუციამ გახსნა, რომელმაც „საბურთალოს“ კარი ეფექტური საჯარიმო დარტყმით აიღო 0:1.

გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე ტაიმის დასაწყისი, როდესაც „დინამომ“ „საბურთალოს“ ზედიზედ ორი გოლის გაუტანა. 50-ე წუთზე სხვაობა თორნიკე კაპანაძემ გაზარდა, ხოლო 4 წუთში „საბურთალოს“ კარი მესამედ ირაკლი ბუღრიძემ აიღო – 0:3.

მატჩის ბოლოს მეკარესთან პირისპირ კაპანაძე გადიოდა, რომელიც ლუკა ლაკვეხელიანმა უხეშად შეაჩერა, მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. საბოლოოდ, შეხვედრა „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა – კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით გუნდმა ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 0:3.

სამი ტურის შემდეგ „საბურთალო“ ოთხი ქულის ამარა დარჩა, ხოლო თბილისის „დინამომ“ ხუთი ქულა მოიპოვა და გადაასწრო. დღეს ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება -ბათუმის „დინამო“ ანგისას ბაზაზე „თელავს“ უმასპინძლებს.