„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრებში კარიერა დაასრულა. ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა 36 წლის ასაკში მიიღო.
„მოვიდა დრო, რომ ნაკრებს გამოვეთხოვო – ძვირფას და საინტერესო გუნდს. დღეს დილით დამირეკა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა და მითხრა, რომ არ აპირებს ჩემს გამოყენებას იმის მიუხედავად, რა დონის თამაშს ვაჩვენებ ან როგორ გაგრძელდება ჩემი სპორტული კარიერა. სამწუხაროდ, ეს არის გზის დასასრული, რომელიც, როგორც მე ვიმედოვნებდი, უფრო გრძელი იქნებოდა.
მე მჯერა, რომ ეს ისტორია პირადი გადაწყვეტილებით დასრულდა ან იმიტომ, რომ ჩემი თამაში არ შეესაბამებოდა ჩვენი ნაკრების დონეს. და არა ასაკის ან იმ მიზეზების გამო, რომლებიც არ მომისმენია, მაგრამ ვიგრძენი. იყო ახალგაზრდა ან არც ისე ახალგაზრდა – ეს არ არის ღირსება ან ნაკლი, ეს მხოლოდ დროებითი მახასიათებელია, რომელიც აუცილებლად დაკავშირებული არ არის სარგებლიანობასთან ან შესაძლებლობებთან. მე აღფრთოვანებითა და შურით ვუყურებ მოდრიჩს, მესის, პეპეს… არსს, ტრადიციას, ღირებულებებსა და სამართლიანობას ფეხბურთში. სამწუხაროდ, ჩემს შემთხვევაში ეს ასე არ იქნება, ფეხბურთი არ არის ყოველთვის სამართლიანი და ფეხბურთი არასოდეს არის უბრალოდ ფეხბურთი.
ამ ყველაფერს ნაღვლიანად ვხვდები, მაგრამ თან თავაწეული და ძალიან მადლიერი ვარ განვლილი წლების და თქვენი მხარდაჭერის გამო. თან მიმაქვს წარუშლელი მოგონებები, ტიტულები, რომლისთვისაც ვიბრძოდით და ერთად ვზეიმობდით, და უდიდეს სიამაყეს ვგრძნობ იმის გამო, რომ მე ვარ ესპანელი ფეხბურთელი ყველაზე მეტი მატჩით ნაკრებში. ამ მაისურმა და ამ გულშემატკივრებმა მაქციეს ბედნიერად. უკვე სახლიდან გავაგრძელებ ჩვენი გუნდის გულშემატკივრობას პრივილეგირებული ადამიანის რანგში, რომელმაც შეძლო 180-ჯერ წარმოედგინა ეროვნული ნაკრები. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი ყოველთვის სჯეროდა“, – დაწერა რამოსმა.
ესპანეთის ნაკრებში სერხიო რამოსის ანგარიშზე 180 მატჩი და 23 გოლია.