სერხიო პერესი - გუნდი მე და ფერსტაპენს ბრძოლის საშუალებას გვაძლევს #1TVSPORT
სერხიო პერესი - გუნდი მე და ფერსტაპენს ბრძოლის საშუალებას გვაძლევს #1TVSPORT

„რედ ბულის“ მექსიკელმა პილოტმა, სერხიო პერესმა თანაგუნდელთან, მაქს ფერსტაპენთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და დასძინა, რომ გუნდი მრბოლელებს ტრასაზე ბრძოლის საშუალებას აძლევს.

„მიმდინარე სეზონში გუნდისგან მხარდაჭერას ვგრძნობ. მე და მაქსი „რედ ბულისგან“ დაფასებულები ვართ. სეზონის სტარტზე ძალიან საიმედო ბოლიდს ვმართავთ, რაც ასპარეზობას საინტერესოს ხდის.

საუდის არაბეთსა და ბაქოში ფერსტაპენთან სერიოზული დაპირისპირება მქონდა, ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მაქსიმალური ძალით ვიყენებდით ბოლიდის შესაძლებლობებს და რამდენჯერმე კედელთანაც იყო კონტაქტი“, – განაცხადა პერესმა,

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში „რედ ბული“ სხვებს აშკარად აღემატება. ავსტრიული გუნდის პილოტებმა წელს ჩატარებული ოთხივე რბოლა მოიგეს. საუდის არაბეთსა და ბაქოში პერესმა გაიმარჯვა, ხოლო ბაჰრეინსა და ავსტრალიაში პირველი ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატს ამ მომენტისთვის ფერსტაპენი ლიდერობს, ნიდერლანდელს 93 ქულა აქვს. რაც შეეხება პერესს, მექსიკელი 87 ქულით მეორეა.