სერხიო ბუსკეტსი - ყოველთვის ვცდილობთ, მოსაგებად ვითამაშოთ, საქართველოსთანაც ასე იქნება #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, სერხიო ბუსკეტსმა პრესკონფერენციაზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან ხვალინდელი მატჩისთვის გუნდის მზადებასა და შვედებთან წაგების შემდეგ გუნდში არსებულ განწყობაზე ილაპარაკა.
„ფეხბურთი განვითარდა და ეს არ არის თავის მართლება – ნებისმიერ გუნდს შეუძლია შენი დამარცხება, როგორც ეს შვედებთან ბოლო თამაშიდან გამოჩნდა. ჩვენ უნდა ვიყოთ ოპტიმისტები და ახლა საქართველოსთან სამი ქულის მოპოვებაზე ვიფიქროთ.
ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ევრო2020-ზე გულშემატკივარი ჩვენთან იყო, ახლა უფრო რთული დრო გვაქვს და მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გვჭირდება. ჩვენ უფრო ძლიერები ერთად ვართ.
ევროპის ჩემპიონატზე მიზანთან ძალიან ახლოს ვიყავით. ეს გამოცდილება მომავალში ახალგაზრდებისთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ ახლაც ლიდერებში ვართ, მაგრამ ხალხი ჩვენგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს.
თითოეული თამაში განსხვავებულია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც სულ ბურთი აქვს, მაგრამ არის დეტალები, რისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, რომ შვედეთის წინააღმდეგ სხვა რამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ ახლა ჩვენ საქართველოსთან მოგებაზე უნდა ვიფიქროთ.
როდესაც წააგებ, ყოველთვის ეძებ დამნაშავეებს. შვედეთის შემდეგ გუნდში საუკეთესო განწყობა არაა, რადგან ეს არ იყო ის შედეგი, რაც გვინდოდა, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ დაგვენახა, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა და არა – ცარიელი. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და ვენდობით ნაკრების ყველა მოთამაშეს. შევეცდებით თამაში გავაკონტროლოთ და მოვიგოთ.
მე ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ესპანურ ფეხბურთს და ნაკრების კაპიტანი ვარ. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და ეს ნამდვილად მომწონს. ყველაზე რთული ისაა, რომ მჭიდრო კალენდარია და ასეთი გრაფიკით თამაში იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მოსაგებად ვითამაშოთ. საქართველოსთან მატჩშიც ასე იქნება. ამიტომ გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა. გულშემატკივრები რთულ დროს ყოველთვის დიდი სტიმულს გვაძლევენ“.
ესპანეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.