სერია A-ს საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდოზე კვარაცხელიას გვარი შეცდომით ეწერა - ფაქტს იტალიელი ჟურნალისტი გამოეხმაურა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ზილიანი აღაშფოთა გაუგებრობამ, რომელიც იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოებაზე (Grand Gala del Calcio) ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით იყო.
საღამო 4 დეკემბერს მილანში გაიმართა. „ნაპოლიდან“, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დააჯილდოვეს სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო მწვრთნელი კი ლუჩანო სპალეტი გახდა, რომელმაც „ნაპოლი“ ზაფხულში დატოვა.
კვარაცხელიას ჯილდო სეზონში გატანილი საუკეთესო გოლისთვის ერგო. დაჯილდოებისას გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ ქართველის ჯილდოზე ფეხბურთელის გვარი შეცდომითაა დაწერილი.
„ქართველ ჩემპიონთან, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორთან, ნამდვილ ვარსკვლავთან და სერია A-ს აღმოჩენასთან მიმართებით უპატივცემულობა გამოავლინეს.
ბოლო წლებში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებენ პრიზით, სადაც მისი გვარი არასწორადაა დაწერილი.
ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში რაც შეიძლება მალე წავიდეს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.