იტალიის სერია A-ს პრეზიდენტმა პაოლო დალ პინომ გააფრთხილა იტალიის მთავრობა იმის შესახებ, რომ ეროვნულ ჩემპიონატს სერიოზული პრობლემები ელოდება მას შემდეგ, რაც იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ ახალი წესების შესახებ გამოაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგაა მიმართული.
„მე ვიმედოვნებ, რომ მთავრობა აცნობიერებს ფეხბურთის, როგორც ინდუსტრიის ღირებულებას. ძალიან შეშფოთებულები ვართ, რადგან ფიასკოს ვუახლოვდებით და ვშიშობ, ქვეყნის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება შეზღუდვის წესების შემოღება.
ჯანმრთელობა პირველ რიგში, მაგრამ მნიშვნელოვანია სწორად მოვიქცეთ, დავგეგმოთ საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები და ვიფიქროთ მოსალოდნელ შედეგებზე. გაზაფხულს მიღებული ზომების გვერდითი ეფექტი ბევრ დარგს შეეხო, მათ შორის ფეხბურთს, რომელმაც 2020 წელს, 600 მილიონი ევრო დაკარგა სტადიონების დახურვის გამო.
ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან ყურადღებას და სწორ გადაწყვეტილებებს. პრემიერმინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სექტორებს, რომლებსაც ძალით დახურვა ემუქრებათ, ეკონომიკურად დაეხმარებიან და ჩვენ ველოდებით, რომ ისეთი სფერო, როგორიც ფეხბურთია, რომელიც ყოველწლიურად გადასახადების სახით ერთ მილიარდ ევროს იხდის, მიიღებს იმას, რაც გამოცხადებული იყო“, – განაცხადა დალ პინომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი მარტში შეაჩერეს კორონავირუსის პანდემიის გამო. ის განახლდა ივნისში და აგვისტოს დასაწყისში დასრულდა.