სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიასა და ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მიმართ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაქვეყნა. სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და არ დააკმაყოფილა არც ბრალდების მხარის, არც ადვოკატის საჩივარი.
საქმეზე ერთ-ერთმა განსასჯელმა ბაჩო ახალაიამ საბოლოო სიტყვით არ ისარგებლა და სხდომას არ დაესწრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, სადაც სერგეი ჩაპლიგინთან მიმართებით ახალაიას ბრალდება მოეხსნა, ხოლო სერგო თეთრაძის, გია გორელაშვილისა და დავით ლონდარიძის ნაწილში, გამტყუნდა. ასევე, ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა სასჯელის ნაწილიც. დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა.
სერგო თეთრაძის წამების საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასა და მის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ ძიმცეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიმდინარე წლის აპრილში გამოუტანა. ბაჩო ახალაიას რამდენიმე მუხლი ქონდა წარდგენილი, მათ შორის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, დავით ლონდარიძის და გია გორელაშვილის წამების, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურეობრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა, ხოლო საქმეზე მსაჯავრდებულ ნიკოლოზ ძიმცეიშვილს ბრალდების მხარე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა.
პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გია გორელაშვილი, სერგეი ჩაპლიგინი და დავით ლონდარიძე ჯაშუშობის ბრალდებით 2011 წელს დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ ისინი გლდანის ნომერ მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. საპატიმროში გადაყვანიდან ოთხ დღეში პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გარდაიცვალა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მისი წამების მოტივი მისგან სასურველი ჩვენების მიცემა იყო.