სერგო ჩიხლაძე - არ შეიძლება, რიგითი ძალოვნები დავაკნინოთ, პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა მათ ზემდგომებს უნდა დავაკისროთ
სერგო ჩიხლაძე - არ შეიძლება, რიგითი ძალოვნები დავაკნინოთ, პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა მათ ზემდგომებს უნდა დავაკისროთ

მოლაპარაკება არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი ალტერნატივა, შეთანხმება კი ორივე მხარის ჩართულობით და ურთიერთკომპრომისების გზით მიიღწევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„უნდა იყოს ორი მხარე, ხელისუფლება და ოპოზიცია, თორემ საკუთარ თავთან ხომ ვერ მოვნახავთ კომპრომისს, ან საკუთარ თავს ხომ ვერ დაველაპარაკებით?! ურთიერთკომპრომისი აუცილებელია“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ვადამდელი არჩევნების საკითხი მაგალითად, პლებისციტით ჩანაცვლდეს და გავლილია თუ არა ეს საკითხი ოპოზიციურ ერთობასთან, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ პლებისციტი „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეთავაზებული ერთ-ერთი ვარიანტი იყო.

„ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან და პოლიტიკური დევნის შეწყვეტასთან ერთად, მაგრამ საუბარია იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე როგორ და რა გზებით მივალთ. საუბარი იმაზეა, თუ პლებისციტით ვერ მივდივართ და ესეც არ გამოდის, კიდევ სხვა რა ვარიანტებია, თორემ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ვადამდელი არჩევნები არა და ამის ნაცვლად სხვა რამე“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ფასილიტატორ ელჩებთან რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის პარლამენტში შესვლის საკითხი არც კი გაჟღერებულა, რადგან ესკალაცია პიკშია და ამაზე საუბარი ახლა, უბრალოდ, არარელევანტურია.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამდენად ემთხვევა გიგი უგულავას და სხვა ლიდერების რიტორიკა პოლარიზაციის შემცირების და ვითარების დეესკალაციის აუცილებლობის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მსგავს განცხადებებს, პოლიციელთა, თუ სხვების მიმართ მუქარას და ა.შ არ იზიარებს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, სამხედროები, პოლიციელები, სპეცრაზმის წარმომადგენლები და ა.შ, ბრძანებას ემორჩილებიან. შესაბამისად, თუ ეს ბრძანება არ არის სწორი, შეიძლება ამ ბრძანების გამცემს მოვთხოვოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩვენი რიგითი ძალოვნები დავაკნინოთ ან რაღაც პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმაზე, რაზეც პასუხისმგებლობა მათ ზემდგომებს უნდა დავაკისროთ. ეს მიუღებელია და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნაყოფი არ არის“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.