სერგეი რებროვი - ქართველები აგრესიულად ითამაშებენ, მაგრამ ჩვენი გეგმა უნდა განვახორციელოთ #1TVSPORT
სერგეი რებროვი - ქართველები აგრესიულად ითამაშებენ, მაგრამ ჩვენი გეგმა უნდა განვახორციელოთ #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩამდე მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. მას ჰკითხეს, გაეცნო თუ არა ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, იოჟეფ საბოს ინტერვიუს, რომელსაც „ლურჯ-ყვითელების“ გამარჯვების არ სჯერა.

„ყველას თავისი აზრი აქვს. არა მგონია, რომ ერთი ადამიანის სიტყვებს ამხელა ყურადღება უნდა მივაქციოთ. მით უფრო, რომ სერიოზულ მეტოქესთან რთული თამაშისთვის ვემზადებით.

არ ვიცი, რა პოზიციაზე ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც დიდ პატივს ვცემ. ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს. საქართველოს ნაკრები მასპინძელია, ქომაგების მხარდაჭერა ექნება და უფრო აგრესიულად ითამაშებს, ვიდრე პოზნანში, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენს სათამაშო გეგმას განვახორციელებთ.

რაც შეეხება ჩვენი საკვანძო თავდამსხმელის, არტემ დოვბიკის მზადყოფნას, რომლის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, ვნახოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა რებროვმა.

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის “ბათუმი არენაზე“ 16 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.