სერგეი ლავროვი - ვწუხვართ, რომ გარკვეული დელეგაციების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილება კონსენსუსით ვერ გავიტანეთ
სერგეი ლავროვი - ვწუხვართ, რომ გარკვეული დელეგაციების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილება კონსენსუსით ვერ გავიტანეთ

ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეაფასეს. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვმა მას „სწორი მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროსაბჭოში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალ გზას გახსნის.

„ვწუხვართ, რომ გარკვეული დელეგაციების არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ამჟამინდელი სესიის მთავარი დოკუმენტები კონსენსუსური მხარდაჭერის დონეზე ვერ გავიტანეთ. თუმცა აშკარაა, რომ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ გადაწყვეტილება, რომლის წინააღმდეგაც მხოლოდ რამდენიმე წევრი ქვეყანა წავიდა, ჩვენს ორგანიზაციაში ხსნის გზას ამჟამინდელი კრიზისის დასარეგულირებლად მისი წესდების მყარ საფუძველზე. ახლა სიტყვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზეა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ჰელსინკიში ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ განცხადება მიიღეს. საქართველომ, უკრაინამ და ბალტიის სახელმწიფოებმა მხარი არ დაუჭირეს ევროპის საბჭოში რუსეთის საკითხზე გადაწყვეტილებას. შეგახსენებთ, რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა. კიევში აცხადებენ, რომ ახლა რუსეთი ევროსაბჭოს ზოგიერთ წევრთან ერთად ამ სანქციების გაუქმებას ცდილობს.