ბელგიის B დივიზიონის მე-13 ტურში გიორგი მიქაუტაძემ თავი ისევ გამოიჩინა. საფრანგეთის პასპორტის მქონე 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ამჯერად „ბრიუგე 2“-ს გასვლაზე გაუტანა.
მისმა გუნდმა, „სერენმა“ გასვლითი შეხვედრა 4:0 მოიგო, მიქაუტაძემ კი თავი მე-19 წუთზე გამოიჩინა და მეტოქის კარში მეორე გოლის ავტორი გახდა. გიორგიმ 13 მატჩში 16 გოლი დააგროვა და ბომბარდირთა დავაში ისევ ერთპიროვნული ლიდერია.
„გუნდი შეიძლება პირველ დივიზიონში აღმოჩნდეს, რადგან მეორე ადგილზეა. „სერენში“ ამისათვის განსაკუთრებით გიორგი მიქაუტაძეს ემადლიერება – თავდამსხმელს, რომელიც 20 წლის ახლახანს გახდა. ლიგის 13 მატჩში 16 გოლი გაიტანა, რაც განსაცვიფრებელი მაჩვენებელია. გუნდის მწვრთნელმა ემილიო ფერერმა, რომელსაც ბევრი მოთამაშე გაუზრდია, ფრანგი თავდამსხმელი შეაქო“, – წერს გამოცემა „ვოეტბალკრანტი“.
„დიახ, ის ფენომენია! უფრო მეტიც, მას გატანა ყველა მდგომარეობიდან შეუძლია. ვფიქრობ, მიქაუტაძეს დიდი კარიერა ექნება“, – ამბობს „სერენის“ მწვრთნელი.
გამოცემა „ვოეტბალკრანტთან“ ინტერვიუში გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ „სერენში“ დიდ პერსპექტივას ხედავს:
„ბელგიაში სათამაშო პრაქტიკისთვის ჩამოვედი და მინდა ვაჩვენო, რომ „მეცში“ და საფრანგეთის ლიგა 1-ში სათამაშოდ მზად ვარ. ჩემპიონატის დაწყებამდე „სერენი“ ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლებოდა. მაგრამ დაიწყო სეზონი და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე ვართ, რამაც ყველა ძალიან გააკვირვა. მოთამაშეები პირველ დივიზიონში გადასვლაზე ვოცნებობთ, ეს ნამდვილი ჯადოქრობა იქნება“.