ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა კრეიგ ტილიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა 2019 წლის სეზონში “დიდი სლემის” პირველი ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობის შესახებ.
“ბედნიერი ვარ გამოვაცხადო, რომ სერენა უილიამსი დაბრუნდება იანვარში ავსტრალიის ღიაზე. ბოლოჯერ ჩვენ ის მელბურნში 2017 წელს ვნახეთ, როცა ტიტული მოიგო. მაშინ არ ვიცოდით, რომ თურმე ის ფეხმძიმე თამაშობდა. სერენას უყვარს მელბურნში ჩამოსვლა. ეს განსაკუთრებული ადგილია მისთვის. ის ეცდება ტიტულის მოგებას, რათა გაუთანაბრდეს მარგარეტ კორტის რეკორდს.
ავსტრალიის ღიას ორგზის ჩემპიონი ვიქტორია აზარენკა იქნება ჩვენთან სამწლიანი პაუზის შემდეგ. ისიც სერენასავით დედა გახდა”, – განაცხადა ტილიმ ტურნირის ოფიციალურ გვერდზე.
ასევე ავსტრალიის ჩემპიონატში მონაწილეობა დაადასტურეს სიმონა ჰალეპმა, ანჟელიკ კერბერმა, ნაომი ოსაკამ და კაროლინ ვოზნიაცკიმ, რომელიც ქალებში ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.