სერენა მოგებით დაბრუნდა
სერენა მოგებით დაბრუნდა

თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ფეხის ტრავმით იყო გამოწვეული, პროფესიულ ტურს გამარჯვებით დაუბრუნდა ამერიკელი სერენა უილიამსი, რომელიც მსოფლიოს მე-11 ჩოგანია. ლეგენდა რომის ტურნირის პირველ წრეში კლასიფიკაციის 64-ე ნომერს, შვედ რებეკა პეტერსონს ხვდებოდა და საათსა და 16 წუთში 6:4, 6:2 მოიგო.

ამერიკელს მხოლოდ პირველი სეტის სტარტზე გაუჭირდა, როცა ბრეიკით ჩამორჩა – 1:3, მაგრამ ამას ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა და მოგვიანებით სეტზე ჩააწოდა. სერენამ პირველის მსგავსად მეორე პარტიაშიც ორი ბრეიკი შეასრულა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პეტერსონს აღარ მოუგია მეტოქის მოწოდება. უილიამსის ანგარიშზე 10 ეისი მოდის.

მეორე წრეში სერენა ვინუს უილიამსსა და ელიზ მერტენსს შორის მოგებულს შეხვდება.