სერბული მედია - „ცრვენა ზვეზდასთვის“ მიქაუტაძის ტრანსფერი რთული იქნება #1TVSPORT
სერბულმა გამოცემა zurnal.rs-მა „ცრვენა ზვეზდას“ მხრიდან გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესზე წერილი გამოაქვეყნა.
„მეცის“ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს სერბეთის ჩემპიონი ზამთარში ცდილობდა, მაგრამ, გამოცემის შეფასებით, საფრანგეთის ლიგა 2-ში მიქაუტაძის წარმატებული თამაშის ფონზე სერბეთში მისი ტრანსფერი არარეალურია.
„საფრანგეთის ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძის შედეგიანი თამაში ქართველს „ცრვენა ზვეზდასთვის“ მიუწვდომელ მოთამაშეთა კატეგორიაში აყენებს. მის ტრანსფერზე სერბული კლუბის მესვეურები ზამთრის შემდეგ ფიქრობენ. მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის მეორე ლიგის 32 მატჩში 22 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს სერბული გამოცემა.
ფრანგული და ინგლისური გამოცემების ცნობით, ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერში „მეცი“ 15 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ დაინტერესებული კლუბი 10-12 მილიონს თუ გადაიხდის, ფრანგული კლუბი მიქაუტაძის გაშვებას, სავარაუდოდ, დათანხმდება. გერმანული ვებგვერდი transfermarkt-ი ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერს სამ მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ ზაფხულში მიქაუტაძის საბაზრო ღირებულება ექვს მილიონამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ „ცრვენა ზვეზდა“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ირაკლი აზაროვი თამაშობს, სერბეთის სუპერლიგის ბოლო 58 მატჩში არ დამარცხებულა, რაც კლუბის ისტორიაში ახალი რეკორდი და საუკეთესო შედეგია. მიმდინარე სეზონის დასრულებამდე რვა ტურით ადრე „ცრვენა ზვეზდა“ სერბეთის ჩემპიონი გახდა.