სერბული გამოცემა - დავითაშვილის დამატება „პარტიზანს“ სურს, „ცრვენა ზვეზდა“ აზაროვის ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ქართველ ფეხბურთელს ელის, მაგრამ სავარაუდოდ, ის ირაკლი აზაროვი იქნება, ხოლო ზურიკო დავითაშვილის დამატებაზე მოლაპარაკებას მისი კონკურენტი „პარტიზანი“ აწარმოებს – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ინფორმაციას სერბული გამოცემა „რესპუბლიკა“ ავრცელებს.
„ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ბათუმის „დინამოს“ მარცხენა მცველთან, 20 წლის ირაკლი აზაროვთან შეთანხმებასთან ახლოსაა. ის ქართულ კლუბში სერბი ფეხბურთელის, მილან რადინის გვერდით თამაშობს“, – წერს სერბული გამოცემა.
გამოცემის ცნობით, ზურიკო დავითაშვილითაც სერბული კლუბია დაინტერესებული, მაგრამ არა „ცრვენა ზვეზდა“, არამედ მისი კონკურენტი ბელგარდის „პარტიზანი“. მაგრამ ტექსტიდან იკვეთება, რომ მოლაპარაკებას ხელს ფინანსური საკითხები უშლის.
„საინტერესოა, რომ იმავე ქართული კლუბიდან შეეძლო გაძლიერება „პარტიზანს“. საუბარია 21 წლის ზურიკო დავითაშვილზე, შემტევ ნახევარმცველზე, რომელიც მარცხენა ფლანგის შემტევის პოზიციაზე თამაშობს. მაგრამ პრობლემა ფასია – 2 000 000 ევრო და კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე“, – ამტკიცებს „რესპუბლიკა“.