სერბული გამოცემა აზაროვზე - „ცრვენა ზვეზდა“ წლებია, მარცხენა მცველის ალტერნატივას ეძებს #1TVSPORT
გამოცემა novosti-მ სერბ გულშემატკივრებს ირაკლი აზაროვი ახლოს გააცნო. ამავე დროს, სტატიის ავტორის მტკიცებით, საქართველოს ნაკრების მცველს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ პარასკევს წარადგენს.
„მართლა მალე შედგება აზაროვის დებიუტი „ზვეზდაში“? სერბეთის ჩემპიონმა ახალგაზრდა ქართველს გზა გაუხსნა. ბელგრადის გუნდი წლებია, ეძებს ალტერნატივას მარცხენა მცველის პოზიციაზე, რომელსაც უკვე ხუთი წელია, დიდი წარმატებით იცავს მილან როდიჩი.
– რამდენიმე მოთამაშე გამოსცადეს, მაგრამ საბოლოოდ, დაუღალავი როდიჩის შემცვლელი გამოჩნდა. 20 წლის ქართველი ირაკლი აზაროვი, საქართველოს ჩემპიონი ბათუმის „დინამოს“ რიგებიდან, ხელს მოაწერს „წითელ-თეთრებთან“ კონტრაქტს, რომელიც კომპენსაციის სახით ქართულ გუნდს 300 000 ევროს გადაუხდის, მისი შემდგომი გაყიდვიდან კი – თანხის 20 პროცენტს.
– აზაროვს სერბეთის საფეხბურთო წრეებში არ იცნობენ, საქართველოში კი პოპულარული მოთამაშეა. 20 წლის ასაკში მან საქართველოს ნაკრებში უკვე 8 მატჩი ჩაატარა, ბათუმში კი მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუცვლელი იყო. მას ახასიათებს სისწრაფე, შემტევებთან კარგად კომბინირება და ასევე კარგი დრიბლინგი“, – წერს სერბული გამოცემა.