სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა საჯაროდ შეურაცხყო ჯოკოვიჩების ოჯახი #1TVSPORT
სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა საჯაროდ შეურაცხყო ჯოკოვიჩების ოჯახი #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილორად დოდიკმა ტელეშოუს ეთერში საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა სერბი ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახს.

„მე თქვენ გეტყვით, რომ საკმაოდ მძიმეები არიან ეს ჯოკოვიჩები სამშობლოში. რაღაცნაირი მკაცრი ნაძირლები, ფუჰ… როცა ისინი ბიზნესით არიან დაკავებულები, ნამდვილ ბოშებს ემგვანებიან“, – მოჰყავს დოდიკის სიტყვები გამოცემა Srpskainfo-ს.

მოგვიანებით, პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ნოვაკ ჯოკოვიჩს.

„მე კვლავაც გავაგრძელებ ერთადერთი და განუმეორებელი ნოვაკ ჯოკოვიჩის წარმატებების პატივისცემასა და დაფასებას. ასევე, პატივს ვცემ მის ოჯახს. მოხარული ვარ, რომ გავეცანი ჯორჯე ჯოკოვიჩის მმართველობით და ლიდერულ თვისებებს და კიდევ ერთხელ მადლიერი ვარ იმისთვის, რომ წელს ჯოკოვიჩების მიერ ორგანიზებული ტურნირი ბანია ლუკაში გაიმართა. ბოდიშს ვიხდი, თუ სოციალურ ქსელში ამ სპეკულაციურმა დემონსტრაციამ ჯოკოვიჩების ოჯახის წყენა გამოიწვია“, – თქვა დოდიკმა.

სერბთა რესპუბლიკა (Republika Srpska) ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალი პოლიტიკური ერთეულია, სადაც ეთნიკური სერბები არიან უმრავლესობაში. დედაქალაქია ბანია ლუკა, რომელშიც გასულ კვირას ATP-ის ტურნირი გაიმართა. მასში ჯოკოვიჩმაც მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში გამოეთიშა ბრძოლას.