სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან ხუთივე ქართველი ფალავანი ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს.
23 წლამდელებს შორის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ) ამჯერად ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.
ნუგზარ წურწუმიამ აშკარა უპირატესობით, 9-0 დაჯაბნა უკრაინელი კოროსტელოვი და ევროპირველობის ნახევარფინალში რუს ვიქტორ ვედერნიკოვს შეხვდება.
გურამ ხეცურიანმა (87 კგ) სუფთად თურქი ალი ჩენგიზი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა სადაც ლიტველ ნემსევიჩიუსს შეხვდება.
ზვიად პატარიძემ სომეხ ოვასაპიანს 4-0 სძლია და ნახევარფინალში ესტონელ არტურ ვიტიტინს დაუპირისპირდება.
ლევან ქავჟარაძემ (63 კგ) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით, 8-0 მოუგო პოლონელ ნოვაკს და ნახევარფინალში უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდება.
ბექა მამუკაშვილმა (77კგ) კი ბელარუსი ანტონ სახსნოსი დაამარცხა და ისიც ფინალში გასასვლელად იბრძოლებს.
1/2 ფინალები თბილისის დროით 21:00 საათიდან დაიწყება.