საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასკომის სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს – 2020 წელს ქართველი სპორტსმენების გამოსვლა, მათ შორის ევროპის ახალგაზრდობის ფესტივალსა და ქვიშის პირველ მსოფლიო თამაშებზე.
ამავე დროს, მოისმინეს 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოლიმპიურ სოფელში საქართველოს მისიის ხელძრავნელის, სეოკი-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ელგუჯა ბერიშვილის ინფორმაცია ტოკიოსა და ლოზანაში ჩატარებული მიზნობრივივი სემინარების შესახებ. აღმასკომის წევრებმა მოიწონეს სეოკ-ის ინიციატივა, 2025 წელს ბორჯომ-ბაკურიანში ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით.
„წლევანდელი სეზონი ქართველი სპორტსმენებისთვის ძალიან წარმატებული იყო. ჩენი მიზანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ღირსეული გამოსვლაა და საამისოდ, საფუძველი აქედანვე უნდა ჩავყაროთ. ამავე დროს, ვილაპარაკეთ ოლიმპიური კომიტეტის სესიისა და წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებაზე“ – ამბობს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი იმედოვნებს, რომ ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივა ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის შესახებ სახეობის განვითარებას წაადგება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა 2025 წელს ევროპის ახალგაზრდობის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის განაცხადის გაკეთება, რადგან ჩვენი აზრით, ამით შესაძლებელი იქნება საქართველოში ზამთრის სახეობების ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, მათ შორის, ფიგურული ციგურაობაში. ამ ფესტივალისთვის მზადება კი ახლავე უნდა დავიწყტოთ, რადგან მასპინძლობის უფლება თუ მივიღეთ, ღირსეულადაც უნდა გამოვიდეთ“ – აცხადებს მაკა გიორგობიანი.