საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8-ფინალში დიდი სენსაციები დაფიქსირდა.
პროგნოზირებადი მხოლოდ მარტვილში ჩატარებული თამაში აღმოჩნდა – „მერანმა“ საკუთარ არენაზე თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ბუდუ ზივზივაძის დუბლით (26-ე და 78-ე წუთებზე) „დინამო“ 0:2-ს იგებდა. საბოლოო ანგარიში მარტვილელთა ნახევარმცველმა გიორგი ციმაკურიძემ 90-ე წუთზე დააფიქსირა – 1:2.
გათამაშებას ეროვნული ლიგის სამი გუნდი გამოეთიშა. სენსაციის ავტორი გახდა ლიგა 3-ის ლანჩხუთის „გურია“, რომელმაც ეროვნული ლიგის „სამტრედიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. სტუმრები მე-12 წუთზე გიორგი ერისთავმა დაააწინაურა. მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ჯიქიძის დუბლით მასპინძლები 2:1 დაწინაურდნენ. 58-ე წუთზე ერისთავმა პენალტი ვერ გამოიყენა და წონასწორობის აღდგენის შანსი ხელიდან გაუშვა. 90+2 წუთზე ზურაბ გელაშვილმა სამტრედიელთა კარი მეამედ აიღო და „გურია“ თასის მეოთხედფინალშია.
ასევე სენსაციური გამოდგა თელავში გამართული მატჩის შედეგიც – სადაც ლიგა 2-ის „თელავმა“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გორის „დილას“ 1:0 სძლია. ერთად-ერთი გოლი 83-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ გაიტანა.
ყველაზე დიდი სენსაცია საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულის, საჩერეს „ჩიხურას“ გამოვარდნა იყო. გუნდი მცხეთაში „ვიტ ჯორჯიას“ ესტუმრა და ძირითად დროშიც აგებდა – 67-ე წუთზე მასპინძლები პაატა ღუდუშაურმა დააწინაურა, 90+2 წუთზე კი ანგარიში საჩხერელთა ნახევარმცველმა ლაშა ჩიკვაიძემ გაათანაბრა 1:1. საქმე პენალტების სერიამადე მივიდა, სადაც „ჩიხურას“ ფეხბურთელებმა სამივე პენალტი გააფუჭეს – ლაშა ჩიკვაიძემ კარს ააცილა, ხოლო რევაზ ჩიტეიშვილსა და თემურ მარკოზაშვილს მეკარემ აჯობა. „ვიტ ჯორჯიამ“ კი პირველი სამი პენალტი გამოიყენა – გიორგი ვეკუამ, გიორგი ვასაძემ და ბექა კაკუშაძემ შანსი გოლად აქციეს, მეტი დარტყმა საჭირო აღარ გახდა და „ვიტ ჯორჯიაც“ მეოთხედფნალშია.
დღეს, კიდევ ერთი შეხვედრის შედეგი გვეცოდინება – ქუთაისის „ტორპედო“ „რუსთავს“ მასპინძლობს. ხუთშაბათს, 20 სექტემბერს დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება: „ვიტ ჯორჯია 2“ – „გაგრას“ მიიღებს, „გარდაბანი“ ქობულეთის „შუქურას“, ხოლო ცხინვალის „ლიახვი“ – „მეტას“.