სენსაცია საქართველოს თასზე - ეროვნული ლიგის ლიდერი მეოთხელიგელმა გამოაგდო [ვიდეო]
საქართველოს თასზე 1/16-ფინალის ექვსი მატჩი გაიმართა და გულშემატკივარმა საინტერესო დაპირისპირებები იხილა.
სენსაციურად დასრულდა “მცხეთა-პარკზე” გამართული შეხვედრა, სადაც რანგით მეოთხე ლიგის “ვიტ ჯორჯია 2”-მა ეროვნული ლიგის “საბურთალოს” უმასპინძლა. ძირითადი და დამატაბითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი “ვიტ ჯორჯია 2”-ის ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს 4:2.
ლიგა 2-ის “გაგრამ” 1/8 ფინალში თამაშის უფლება ბოლნისის “სიონთან” მოგებით მოიპოვა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, დამატებულ დროში რატი ცაცკრიალაშვილმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და “გაგრამ” 2:1 გაიმარჯვა.
მეოთხელიგელმა “თბილისი 2016”-მა საჩხერეს “ჩიხურას” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:6 დამარცხდა. შოთა ავლოხაშვილმა ავტოგოლი გაიტანა, საჩხერელთაგან თავი გამოიჩინეს გიორგი ბუხაიძემ, დემურ ჩიხლაძემ, დავით იონანიძემ და პედრო გუგამ (2).
ქუთაისის “ტორპედო” “გორს” ესტუმრა და ლევან კუტალიასა და თორნიკე კაპანაძის გოლებით 2:0 დაამარცხა.
სათამაშო დღის გვირგვინი “მიხეილ მესხი 2”-ზე გამართული მატჩი იყო: “ლოკომოტივისა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრა 4:4 (?!) დასრულდა. პირველ ტაიმში “დინამო” ნიკა ძალამიძისა და დიმიტრო ივანისენიას გოლებით 0:2 დაწინაურდა. ლუკა კიკაბიძისა და რატი არდაზიშვილის გოლებით “ლოკომოტივმა” ანგარიში 83-ე წუთზე გაათანაბრა. 87-ე წუთზე “დინამო” ოთარ კიტეიშვილმა კიდევ ერთხელ დააწინაურა 2:3. მაგრამ მამია გავაშელიშვილმა 90-ე წუთზე მაინც გაათანაბრა 3:3.
დამატებულ დროში თამაზ ბაბუნაძემ “დინამო” 99-ე წუთზე ისევ დააწინაურა 3:4. თამაში ასეც დასრულდებოდა, მაგრამ ბოლო წამებზე არდაზიშვილმა (120+2 წუთი) დუბლი შეასრულა და დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც “დინამომ” უკეთ შეასრულა 3:5.
ხვალ კიდევ 5 მატჩი გაიმართება:
გარდაბანი – იმერეთი
ლიახვი – ალგეთი
მარგვეთი 2006 – თელავი
ვიტ ჯორჯია – ბათუმის დინამო ბ
შუქურა – ნორჩი დინამო.