სენსაცია ელიგაში - „გაგრამ“ „იბერია“ დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
„გაგრამ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გამორჩეული თამაში ჩაატარა „პეტრიაშვილი არენაზე“, სადაც თბილისის „იბერიას“ უმასპინძლა და ერთ-ერთი ლიდერი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის დაპირისპირებაში გიორგი ონიანის გუნდმა ოთხბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. მე-6 წუთზე ანგარიში გიორგი ხარებაშვილმა გახსნა, მე-15 წუთზე თორნიკე ჯანგიძემ „გაგრას“ უპირატესობა გაზარდა – ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ლევან გეგეჭკორმა შეასრულა.
22-ე წუთზე განვითარებული კონტრშეტევისას „იბერიის“ კარი მესამედ „გაგრის“ კაპიტანმა, მათე ვაწაძემ აიღო. 45+3-ე წუთზე კი კონტრშეტევაზე „იბერიას“ ისევ გიორგი ხარებაშვილმა გაუტანა.
„კავკასიონი არენაზე“ ერთმანეთს აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ – „თელავმა“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაინაწილეს – 0:0.
ეროვნული ლიგა. მე-17 ტური
1. დილა 38
2. ტორპედო 32
3. იბერია 32
4. დინამო ბთ 30
5. კოლხეთი 19
6. გაგრა 19
7. დინამო თბ 19
8. სამგურალი 16
9. თელავი 17
10. სამტრედია 10