საქართველოს ნაკრებისა და თურქული „კონიასპორის“ ფლანგის შემტევი ლევან შენგელია „67hailhail.com“-მა იმ სამ მოთამაშეს შორის დაასახელა, რომელიც გლაზგოს „სელტიკს“ გააძლიერებს.
ვებგვერდის შეფასებით, შოტლანდიურ გრანდს მარჯვენა ფლანგზე გაძლიერება სჭირდება და სამი ისეთი მოთამაშე დაასახელა, რომლებიც ზაფხული თავისუფალი აგენტები ხდებიან. შენგელიას, გარდა, ამ სიაში მოხვდნენ ჩანგ-ჰონ კვონი („ფრაიბურგი“) და ჯეიკობ მერფი („ნიუკასლი“).
„მარტივი ფაქტები საკმარისია. „დინამო თბილისში“ შენგელიამ 50 თამაშში 25 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს კარგი შედეგია. მას „კონიასპორთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ ღირსეულ სეზონს ატარებს. თურქეთის სუპერლიგაში შეზღუდული შანსები მიეცა და მაინც – სამი გოლი გაიტანა და ორჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა. „კონიასპორში“ ესმით, რომ შენგელიას ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო. ფლანგის შემტევი, რომელსაც უყვარს კარში დარტყმა და კარგი და ზუსტი პასები ეხერხება, ზაფხულში „სელტიკისთვის“ ნამდვილად კარგი ვარიანტია. იმის გათვალისწინებით, რომ მისი ევროპული კარიერა ელიტურ ლიგებთან არაა ასოცირებული, მისი ტრანსფერი შეიძლება ცოტა უფრო რთული იყოს. თუმცა, გვჯერა, რომ 25 წლის ქართველ ფეხბურთელთან გარიგება სასურველი იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ შენგელიას შეტევის დაბოლოების პრობლემაც არ აქვს, „სელტიკში“ კი ყოველთვის აფასებდნენ უშიშარ მოთამაშეებს, გვჯერა, რომ ეს ტრანსფერი გაამართლებდა.“ – წერს „67hailhail.com“.