სებისკვერაძე ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევი და ფინალური ეტაპების საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
არჩილ სებისკვერაძე ფუტსალის ევრო 2022-ის შესარჩევსა და ფინალურ ეტაპებზე გამართული მატჩების შედეგად, ამ ეტაპისთვის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. საქართველოს ნაკრების შემტევი პირველობას ლატვიის ნაკრების ფეხბურთელ გერმან მატიუშენკოსთან ერთად იყოფს – სტატისტიკა უეფა-ს ოფიციალურმა გევრდმა გამოაქვეყნა.
ქართველმა ფეხბურთელმა ბომბარდირთა დავაში პირველობა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გატანილი გოლების წყალობით მოიპოვა, სადაც 9 გოლის ავტორი გახდა, 1 გოლი კი ევროპის ჩემპიონატზე აზერბაიჯანთან გაიტანა, რაც გადამწყვეტი გამოდგა და გუნდს მოგებაში დაეხმარა.
საუკეთესოებშია ასევე ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, თალესი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გატანილი 5 გოლიდან 2-ის ავტორია და ტურნირზე „ჯვაროსნების“ გოლეადორია. მან აზერბაიჯანთან გადამწყევტი გოლი გაიტანა, ხოლო ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა.
ორივე მათგანის გოლებმა დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველოს ნაკრები ჯერ ევრო 2022-ზე მოხვდა, შემდგე კი კონტინენტის პირველობის მეოთხედფინალში გავიდა.
10 არჩილ სებისკვერაძე (საქართველო)
10 გერმან მატიუშენკო (ლატვია)
8 სტივენ დილენი (ბელგია)
8 მარკო პრშიჩი (სერბეთი)
7 იოსიპ ბოშკოვიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა)
7 კრისტიან კუეცი (სლოვენია)
7 რაულ გომესი (ესპანეთი)
7 სებასტიან ლეშჩაკი (პოლონეთი)
7 მიხალ მარეკი (პოლონეთი)
7 დარიო მარინოვიჩი (ხორვატია)
7 ომარ რაჰუ (ბელგია)
7 თალესი (საქართველო)
7 მიხაილო ზვარიჩი (უკრაინა)
აქვე ვიტყვით, რომ წინა წლების ევროფინალების საუკეთესო ბომბარდირთა სამეულშია წარმოშობით ქართველი სერგი ქორიძე, რომელიც უკრაინის სახელით ორჯერ გახდა ბომბარდირი – 2001 და 2003 წლებში და ორივეჯერ 7-7 გოლი გაიტანა.
ამდენივე 2018 წელს პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რიკარდინიომ გაიტანა, ხოლო რეკორდსმენი ედერ ლიმაა – 2014 წელს რუსეთის ნაკრების მოთამაშემ ფინალურ ეტაპზე ანგარიშზე 8 გოლი ჩაიწერა.