სებასტიან ფეტელმა 2019 წელს შესაძლოა კარიერა დაასრულოს
სებასტიან ფეტელმა 2019 წელს შესაძლოა კარიერა დაასრულოს

„ფორმულა 1“-ში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, „ფერარის“ პილოტმა სებასტიან ფეტელმა, შესაძლოა დატოვოს რბოლები 2019 წლის სეზონის შემდეგ, – დაწერა ჟურნალისტმა ჯო სეივუდმა.

„ასეთი ინფორმაცია გავრცელდა მონაკოს გრანპრის დროს. „რედ ბულთან“ ერთად ოთხი საჩემპიონო ტიტულის მოგების შემდეგ, ფეტელს უნდოდა წარმატება მოეტანა „ფერარისთვის“, მაგრამ მთელი რიგი შეცდომები დაუშვა და ახლა, პერსპექტიულ თანაგუნდელ შარლ ლეკლერის წნეხის ქვეშ მოექცა. მნიშვნელოვანი და დიდი კითხვაა – ვინ შეცვლის ფეტელს? განიხილება სერხიო პერესის, კევინ მაგნუსენის, რომენ გროსჟანისა და ვალტერი ბოტასის კანდიდატურები“, – განაცხადა სეივუდმა.

ფეტელმა ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ჩემპიონობა 2010-2013 წლებში. გერმანელის კონტრაქტი „ფერარისთან“ 2020 წლის ბოლომდეა ძალაში.

წლევანდელი ჩემპიონატის ექვსი ეტაპის შემდეგ, სებასტიანს მესამე ადგილი უჭირავს საერთო ჩათვლაში და 55 ქულით ჩამორჩება ლიდერ ლუის ჰემილტონს.